სააგენტოს შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 31 ივლისს შეიქმნა. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.

სააგენტო  ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებებით, საქართველოს  პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, განკარგულებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებით, დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადამინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

სააგენტოს მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლება-მოვალეობებია:

  • საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური პროცესების და გარემოს (ატმოსფერული ჰაერი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, ზღვა, ნიადაგი) ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის სისტემების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • გარემოზე დაკვირვების მონაცემთა შეკრება და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის გლობალურ ინფორმაციულ ქსელებში, გავრცელება;
  • გარემოზე დაკვირვების  მონაცემთა  დამუშავება,  გარემოს  მდგომარეობის  შეფასება და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება;
  • სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზების, მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ გაფრთხილებების  შედგენა,  ცენტრალური  და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისათვის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება;
  • არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ  მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, ნისლი, ნალექების დეფიციტი, ეროზიულ-აბრაზიული პროცესები, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) მონიტორინგის განხორციელება;
  • კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების შესწავლა, ამ ცვლილებებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილების და შესაბამისი ადაპტაციის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო  პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის  ფარგლებში   ბუნებრივი  და  ანთროპოგენური  საფრთხეების  შემცირების ღონისძიებების დაგეგმვასა  და  განხორციელებაში მონაწილეობა; 
  • საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების გასახლების არეალების განსაზღვრა და შეფასება;
  • მაღალი საფრთხის მქონე ტერიტორიებზე გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და ეკოლოგიური საშიშროების რისკების შეფასებაში მონაწილეობა;
  • ჰიდროსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით შავი ზღვისა და მდინარეთა აუზების ჰიდრო და ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება; შავი ზღვის სანაპირო ზოლის, სანაპირო ზონისა და შიდა წყალსატევების ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოება, რეკომენდაციების, წინადადებების,  მეთოდური  და სხვა სახის მასალების მომზადება;
  • სარგებლობის ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების (გარდა ტყითსარგებლობისა  და  სამონადირეო  მეურნეობის  მართვის  გეგმების) განხილვაში  მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის  და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციული ფონდების შევსება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემთა ბაზების ფორმირება;
  • ჰიდრომეტეოროლოგიური,  გეოლოგიური  და გარემოს  ხარისხობრივი მდგომარეობის  ამსახველ მიმდინარე  და მრავალწლიურ  მონაცემთა  სტატისტიკური  დამუშავება  და შესაბამისი ანგარიშების, ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება;
  • სხვადასხვა  ბუნებრივი  სტიქიური  მოვლენებისა  ადრეული  შეტყობინების  სისტემის ინსტიტუციური შესაძლებლობების სრულყოფისა და დანერგვის ხელშეწყობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა;
  • ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის საწარმოებლად საჭირო ხელსაწყო-დანადგარების და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების სამონტაჟო-საინსტალაციო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, გაზომილი პარამეტრების სიზუსტის კონტროლის ორგანიზება;
  • გეოლოგიური რუკების შედგენა;
  • სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (ან გამოვლინების) შესაბამისი რუკების მომზადება, სასარგებლო  წიაღისეულის  საბადოების და გამოვლინებების  აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა  და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება;
  • საქართველოს  კანონმდებლობის  შესაბამისად,  ბუნებრივი  რესურსებით  (გარდა  ნავთობისა  და გაზის)  სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული  ლიცენზიების გაცემა  და ამ  მიზნით  გასაწევი საქმიანობის  წარმართვა და კოორდინაცია;
  • მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების – სალიცენზიო მოწმობების გაცემა;
  • უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის(ების) წარმოება;
  • სარგებლობის  ლიცენზიის მფლობელისთვის დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დამტკიცება;
  • წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  • საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და  განსაკუთრებულ  ეკონომიკურ  ზონაში  ყველა  სახის  ჩატარებული  და  მიმდინარე  საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა;
  • ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების  შემცირების  სფეროებში  საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.
  • საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაგეგმარება-დაპროექტება და ამ სამუშაოებისათვის საჭირო კვლევების წარმოება, ზღვისა და მდინარეთა ნაპირდამცავი პროექტების შემუშავება;
  • მოსალოდნელი განაშენიანების ფართზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოს არსებობა- არარსებობის შესახებ ინფორმაციის გაცემა;
  • საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის იქთიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, მიკრობიოლოგიური და ზღვის ძუძუმწოვრების  კვლევა და მონიტორინგი;
  • საქართველოს  შავი  ზღვის სანაპიროს და შიგა წყალსატევების თევზების მარაგების შეფასება და კვოტების განსაზღვრა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დამტკიცება, ასევე ნორმატიული აქტის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის სარეკლამო ღონისძიებების განხორციელება;
  • კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  მოშენებული თერთყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების თაობაზე დასკვნების მომზადება  და ამ მიზნით სპეციალური რეესტრის წარმოება;
  • კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და მათ შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მიწოდება;
  • კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: , ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი, გეოლოგიის დეპარტამენტი, ლიცენზირების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი, სტრატეგიული დაგეგმვისა და სისტემური მართვის დეპარტამენტი, ადმინისტრაციული სამსახური, იურიდიული სამსახური, ეკონომიკური სამსახური, შიდა კონტროლის სამსახური.