სიახლეები

21 აგვისტო 2015

სააგენტომ შავი ზღვის იქთიოფაუნის მონიტორინგი განახორციელა

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგს და თევზების მარაგების შეფასებას იწყებს. კვლევა განხორციელდება სამ ეტაპად - აგვისტოში, ოქტომბერსა და დეკემბერში.

სააგენტოს მიერ დაგეგმილი კვლევა მოიცავს თევზმჭერი გემის მეშვეობით სამეცნიერო ჭერების წარმოებას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა უბანსა და აქტუალურ სიღრმით იარუსზე.

აღსანიშნავია, რომ აქამდე იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი წარმოებდა მხოლოდ თევზის გადმოცლის ადგილებსა და სარეალიზაციო პუნქტებში. საქართველოში საზღვაო კვლევებზე დაფუძნებული იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების სისტემური მონიტორინგი 12 წელზე მეტია არ წარმოებულა. ასევე, 12 წელია სახელმწიფოს არ განუხორციელებია შავი ზღვის სანაპიროს თევზების მარაგების შეფასებაც.

ზღვის გარემოს შეფასება ყველაზე სრულფასოვნად შესაძლებელია განხორციელდეს მისი ბიომრავალფეროვნების კვლევისა და მონიტორინგის ბაზაზე. შესაბამისად, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, აღდგენის და გონივრული მართვის საკითხები მეტად აქტუალურია.

იქთიოფაუნა წარმოადგენს საზღვაო ბიომრავალფეროვნების ერთადერთ კომპონენტს, რომლის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონიტორინგი საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ ზღვის გარემოში მიმდინარე ცვლილებებს.

სხვა სიახლეები