სიახლეები

22 აგვისტო 2015

შეხვედრა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობასთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვაკის რაიონის გამგებელმა და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სვანიძის ქუჩის მოსახლეობას გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი არეალების შესახებ მომზადებული დასკვნა წარუდგინეს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც მოხდა მათ მიერ რისკის შემცველი არეალის დადგენა. ამასთან მათი განცხადებით, აღნიშნულ ზონაში აბსოლუტურად დაუშვებელია ადამიანების ცხოვრება. ამ დროისთვის ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აშენდება ჰიდროსაინჟინრო ნაგებობა, რომელიც მეწყრის განვითარების შემთხვევაშიც კი, თავიდან აგვარიდებს მსგავს შედეგებს.

 

„რაც შეეხება მეთოლოგიას, გამოყენებული იქნა სხვადასხვა მოდელები და ძირითადად გათვლილია ის ისტორიული მაქსიმუმი, რაც 1000 წლის მანძილზე ნალექების ოდენობის სახით შეიძლება მოვიდეს და ვერეს აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიწვიოს არეალების დატბორვა“,- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ ბაგრატიამ.

გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ზონა სტიქიის სალიკვიდაციო, მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა დაამტკიცოს.

სხვა სიახლეები