სიახლეები

04 სექტემბერი 2015

აჭარაში ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელი ამოქმედდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, აჭარაში ახლადდამონტაჟებული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები დაათვალიერა.

„საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოს დაცვითი პროგრამის“(EPIRB) ფარგლებში საქართველოში, კერძოდ კი აჭარის რეგიონში, მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზში ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელი ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 6 ახალი ავტომატიზირებული ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური .

ავტომატური სადგურები წყალდიდობის რისკის შეფასებასა და პროგნოზების მომზადებას უზრუნველყოფს და აღჭურვილია  ატმოსფერული ნალექების გამზომი თანამედროვე ტექნოლოგიით.

დღესვე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ და „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოს დაცვითი პროგრამა" (EPIRB) პროექტის ხელმძღვანელის  მოადგილემ ზურაბ ჯინჭარაძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპლუატაციაში გადაეცემა 6 ერთეული ავტომატური ჰიდროლოგიური დაკვირვების დანადგარი, რომლებიც დამონტაჟებულია მდ. ჭოროხი-აჭარისწყლის აუზში.

მემორანდუმი  მიზნად ისახავს  აჭარაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტისთვის ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისი მონიტორინგის ქსელის შექმნაში დახმარების გაწევას და მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზთან დაკავშირებით მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და დამუშავების შესაძლებლობების გაძლიერებას.

ღონისძიებას აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე და „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოს დაცვითი პროგრამა“ (EPIRB) პროექტის წარმომადენელი ზურაბ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები