სიახლეები

25 სექტემბერი 2015

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები დაიწყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს გარემოსდაცვის კომისიის თავმჯდომარე თავისუფლების მოედანზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორების დამონტაჟების პროცესს დაესწრნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით, ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობები საქართველოს მასშტაბით 60-მდე წერტილში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, თელავი) დამონტაჟდა. თბილისში 26 წერტილი შეირჩა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ინდიკატორები შეგროვდება, განთავსდება კონტეინერებში და შესაბამისი პირობების დაცვით გაიგზავნება დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობა ექნება თბილისსა და სხვა ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების არსებული მდგომარეობა უფრო დეტალურად განსაზღვროს.

სხვა სიახლეები