სიახლეები

16 აგვისტო 2017

2017 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეებში დაფიქსირებული ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის ივლისის თვეში საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აღინიშნა ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი, რაც განპირობებული იყო თვის პირველ დეკადაში საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის სამხრეთი და ცენტრალური რაიონებიდან თბური ტალღის გავრცელებით.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა ზესტაფონში +39.70 გრადუსი ხოლო აღმოსავლეთში ლაგოდეხში +39.00 გრადუსი.
ტემპერატურის წლიური ექსტრემუმების გადაფარვა არ აღნიშნულა, აღინიშნა მხოლოდ თვის ექსტრემუმების უმნიშვნელო გადაფარვა შოვში. საგუშაგოზე დაფიქსირდა +35.70 გრადუსი, რაც +0.20 გრადუსით აღემატება 2015 წელს დაკვირვებულ მაქსიმუმს.

თბილისში, 1881 წლიდან დღემდე 2017 წლის ივლისი სითბოს მიხედვით იყო მეოთხე 2000, 1882 და 2010 წლების შემდეგ. თვის საშუალო ტემპერატურამ +26.70 გრადუსი შეადგინა. ივლისის ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა 2000 წელს +27.70 გრადუსი აღინიშნა.


რაც შეეხება 2017 წლის აგვისტოს პირველ ნახევარს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა ევროპის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული თბური ტალღა.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა ქ. ქუთაისში +40.40 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში, თბილისში +39.80 გრადუსი.
ტემპერატურის წლიური ექსტრემუმების გადაფარვა არ აღნიშნულა, აღინიშნა მხოლოდ თვის ექსტრემუმების უმნიშვნელო გადაფარვა ხაშურში. საგუშაგოზე დაფიქსირდა +38.50 გრადუსი, რაც +0.10 გრადუსით აღემატება 2015 წელს დაკვირვებულ მაქსიმუმს.

სხვა სიახლეები