სიახლეები

03 მაისი 2018

ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების 11-ე ეტაპის შედეგები

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მარტის თვეში  ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთერთმეტე ეტაპი დაასრულა.

ინდიკატორული მილაკები განთავსებული იყო 25 დასახლებულ პუნქტში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, კასპი, მცხეთა, ოზურგეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, საჩხერე, ლანჩხუთი, ტყიბული, ჭიათურა, ხაშური, მარნეული, ბოლნისი, სიღნაღი, ყაზბეგი, ჩხოროწყუ).

ინდიკატორული გაზომვები მოიცავს აზოტის დიოქსიდის, გოგირდის, ოზონისა და  ბენზოლის  კონცენტრაციების დადგენას.  მილაკები ორი კვირის განმავლობაში იყო განთავსებული სხვადასხვა ლოკაციებზე და შემდეგ კვლევისათვის დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. შედეგების შეფასება  ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად განხორციელდა.

ჩატარებული გაზომვის  შედეგების მიხედვით, ყველა წერტილში  გოგირდის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის დაბალი მაჩვენებლები აღინიშნა. ასევე,  19 დასახლებულ პუნქტში  დაბალია  აზოტის დიოქსიდის მონაცემი.

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში,  ზესტაფონში, რუსთავსა და თელავში  დაბალი და  საშუალო ინდექსები აღინიშნა.   ბენზოლის გარდაჭარბება ქალაქ ბათუმში მხოლოდ ერთ წერტილზე, ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე  დაფიქსირდა.

ინდიკატორული გაზომვები პირველად საქართველოში 2015 წელს ჩატარდა,

2015 წელს    10 დასახლებულ პუნქტში

2016 წელს 16 დასახლებულ პუნქტში

2017 წელს - 20 დასახლებულ პუნქტში

ხოლო მიმდინარე წელს კი  ზომვები 25 წერტილში განხორციელდა.

საქართველოს მასშტაბით ინდიკატორული გაზომვები გაგრძელდება. შემდეგი ეტაპი ივნისის თვეში განხორციელდება.

სხვა სიახლეები