სიახლეები

21 მაისი 2018

რეგიონული დიალოგი კლიმატის ცვლილების საკითხებზე

კლიმატის ცვლილების სფეროში პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ,  აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის  შეხვედრა  სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში  გაიმართა.

შეხვედრის მონაწილებს გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა  და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა სიტყვით მიმართეს.

„საქართველოს მთავრობა მიესალმება საერთაშორისო თანამშრომლობასა და ხელშეწყობას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. დღევანდელი დიალოგი შესანიშნავი შესაძლებლობაა რეგიონში დაგროვებული გამოცდილების გაზიარებისათვის და ქვეყნებს შორის პარტნიორობის  გაღრმავებისთვის. ასევე, შეხვედრა ხელს  შეუწყობს  კონკრეტული ნაბიჯებისა და სტრატეგიების დასახვას კლიმატისადმი  მდგრადი განვითარების მიღწევის გზაზე.

2030 წლისათვის საქართველო უპირობოდ შეამცირებს სათბურის გაზების ემისიას 15%-ით ბიზნესის ტრადიციული განვითარებით  განსაზღვრული მნიშვნელობის მიმართ.“- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. მან ასევე, პარიზის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე, საქართველოს ნაკისრი ვალდებულების შესრულების აუცილებლობაზე და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ერთობლივი მოქმედების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე, რომელიც სამი დღის განმავლობაში  გაგრძელდება, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის  ქვეყნების წარმომადგენლებმა „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ შესრულებაზე იმსჯელეს. რეგიონის ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს კლიმატისადმი მედეგი, დაბალემისიური განვითარების მიღწევაში. შეხვედრის მონაწილოეებმა სათბურის გაზების გაფრქვევების შემცირების შესაძლებლობები  და ამ პროცესთან დაკავშირებული ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს, რაც მომავალში დაეხმარება საქართველოს „პარიზის შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და  დაგეგმვის განხორციელებაში.

რეგიონული დიალოგის შეხვედრა  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოს, ევროკავშირისა და გერმანიის, იაპონიისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით გაიმართა. პირველ რეგიონულ დიალოგს  16 ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების,  კერძო და საჯარო სექტორის 90-ზე მეტი წარმომადგენელი  ესწრება.

სხვა სიახლეები