სიახლეები

05 ივნისი 2018

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 84 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად „წითელ ბაღში" ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი მოძრავი ექსპრეს ლაბორატორიის საშუალებით განახორციელეს.

მობილური ექსპრეს ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სპეციალისტებთან ერთად კვლევებში სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ. ადგილზე განისაზღვრა დამაბინძურებელი კონცენტრაციები.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ქონდათ პირადად მიეღოთ მონაწილეობა სინჯების აღების პროცესში. ასევე, ჰაერის დაბინძურების ავტომატური სადგურის მუშაობის პროცესს გაცნობოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ  მოსწავლეებს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, ჰაერის დაბინძურებასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე (World Environment Day - WED) ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, „გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა“(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს.  2018 წლის ლოზუნგია “პლასტიკის გამოყენების შემცირება“

გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

სხვა სიახლეები