სიახლეები

24 ივლისი 2018

ივნისი თვის კლიმატური დახასიათება

ივნისის თვეში ამინდს ძირითადად განაპირობებდა კავკასიონის ჩრდილოეთით გავრცელებული მაღალი წნევის არე და მასთან დაკავშირებული შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლებიც საქართველოში დასავლეთის მხრიდან იყო განპირობებული.

თვის ბოლო დღეებში ადგილი ჰქონდა, სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების გადმოტანას, რის გამოც ჯერ დასავლეთ, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

ივნისი, ისევე როგორც მაისი, ტემპერატურის მიხედვით, საკმაოდ თბილი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. 1960 წლიდან დღემდე ეს იყო რიგით მე-6 ყველაზე თბილი ივნისი ქვეყნისთვის (1998, 2006, 2010, 2015 და 2012 წლების შემდეგ).

მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან საშუალოდ +2, +3°C შეადგინა. ივნისის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობ და ვაკე ტერიტორიაზე +20, +24°C, ხოლო მთაში და მაღალ მთაში +14, +19°C-ის ფარგლებში აღინიშნა.

ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+3.5, +4.0°C) შავი ზღვის სანაპირო ზოლში დაფიქსირდა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (28-30 ივნისი) ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები დაფიქსირდა. რიგ რაიონებში აღინიშნა მრავალწლიური სიდიდეების გადაფარვაც. ტემპერატურამ ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +39, +40°C-ს კოლხეთის დაბლობზე (ქუთაისი, ზუგდიდი) მიაღწია. ასევე, +39°C დაფიქსირდა დედოფლისწყაროში. +37°C აღინიშნა შიდა ქართლში (ხაშური, გორი), რაც ამ პუნქტებზე ივნისის თვეში დაკვირვებული რეკორდული მაჩვენებელია.

ივნისის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები თვის პირველ დეკადაში აღინიშნა. სამხრეთ საქართველოს მთიან ტერიტორიაზე, ასევე, ზემო სვანეთში მინიმუმები +3, +7°C-მდე, ხოლო მაღალ მთაში +2, +4°C-მდე დაეცა.

ნალექების რაოდენობის მიხედვით, ივნისის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ნორმასთნ მიახლოვებული , ან უფრო მცირე ნალექიანობით ხასიათდებოდა. შედარებით ნალექიანი იყო ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონები, სადაც ნალექების თვის ჯამები ნორმალურ მნიშვნელობებს 1.5-2-ჯერ აღემატებოდა. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა (150-200 მმ) აჭარის სანაპირო ზოლსა და კახეთის კავკასიონის აღმოსავლეთ ფერდობებზე მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (25-50 მმ) შიდა ქართლისა და სამეგრელოს დაბლობ ტერიტორიაზე აღინიშნა.

სხვა სიახლეები