სიახლეები

30 ივლისი 2018

საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ,,სელაპის“ არსებობის ფაქტი დაფიქსირდა

ფარფლფეხიანთა (სელაპის) რიგის წარმომადგენლის  საქართველოს საზღვაო წყლებში შემოსვლის შესახებ  ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 2017 წელს. აღნიშნული  შემთხვევა პირველად ბიჭვინთის აკვატორიაში დაფიქსირდა, შემდგომ კი 2018 წლის პირველ ნახევარში ოჩამჩირესა და ანაკლიაში. მაისის თვეში „სელაპი“ფოთის (მალთაყვის) აკვატორიაში შენიშნეს, ხოლო შემდგომ  მან  ტბა პალისტომში გადაინაცვლა, სადაც დღემდე ფიქსირდება.

მიმდინარე წლის ივლისის თვეში ქობულეთის აკვატორიაში  ფარფლფეხიანთა მეორე წარმომადგენელიც დაფიქსირდა.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების ინფორმაციით, აღნიშნული ეგზემპლარები ზღვაში ანაპის დელფინარიუმიდან მოხდნენ. 2016 წლის ზამთარში შტორმის დროს ანაპის დელფინარიუმიდან, რომელიც უშუალოდ სანაპიროზე მდებარეობს, ვოლიერის დაზიანების შედეგად გაიქცა ორი “სელაპი“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, "სელაპების" ეს სახეობები არ გამოირჩევიან აგრესიულობით ადამიანის მიმართ და არიან კონტაქტურები, რადგან ისინი დაიბადნენ დელფინარიუმში და გადიოდნენ წვრთნის პროცესს. თუმცა სპეციალისტების რეკომენდაციით საჭიროა მოსახლეობამ თავი შეიკავოს მათთან უშუალო კონტაქტისგან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი აგრძელებს აღნიშნულ სახეობებზე დაკვირვებას და ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებას აცნობებს.

სხვა სიახლეები