სიახლეები

16 აგვისტო 2018

ივლისის თვის კლიმატური დახასიათება

ივლისის თვეში საქართველოს ამინდს, ძირითადად, განაპირობებდა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რასაც პერიოდულად თან ერთვოდა სამხრეთის ტალღის მოქმედება. თვის დასაწყისში და თვის ბოლოს ადგილი ჰქონდა სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ინტენსიურ გადმოტანას, რის გამოც ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე დაფიქსირდა ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურები.

ტემპერატურული რეჟიმის მიხედვით ივლისი, ისევე, როგორც ივნისი საკმაოდ თბილი იყო. 1960 წლიდან დღემდე, ეს იყო რიგით მე-2 ყველაზე ცხელი ივლისი ქვეყნისთვის საშუალოდ 2000 წლის შემდეგ, ხოლო დასავლეთ საქართველოსთვის - 2010 წლის შემდეგ.

მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან საშუალოდ +3, +3.5°C შეადგინა. ივლისის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობ და ვაკე ტერიტორიაზე +24, +28°C, ხოლო მთაში და მაღალ მთაში +18, +23°C-ის ფარგლებში აღინიშნა.

ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+4, +5°C) ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ზოგიერთ ცენტრალურ დაბლობ და ვაკე რაიონებში დაიკვირვებოდა.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, თვის პირველ რიცხვებში (1-4 ივლისი), ხოლო დასავლეთში - თვის ბოლოს დაფიქსირდა. რიგ რაიონებში აღინიშნა მრავალწლიური სიდიდეების გადაფარვაც. ტემპერატურამ ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +39, +42°C-ს კოლხეთის დაბლობზე, ქვემო ქართლსა და კახეთში მიაღწია. +41°C დაფიქსირდა თბილისსა და დედოფლისწყაროში, რაც ამ პუნქტებზე დაკვირვებული რეკორდული მაჩვენებელია.

ივლისის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები თვის მეორე დეკადაში აღინიშნა და აბს. მინიმუმები მთაში და მაღალ მთაში +5, +12°C-მდე დაეცა.

ნალექების რაოდენობის მიხედვით, ივლისის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ნორმის მახლობელი, ან უფრო მცირე ნალექიანობით ხასიათდებოდა. ნორმასთან შედარებით ყველაზე ნალექიანი იყო სამხრეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები (ჯავახეთის ზეგანი) და კახეთის კავკასიონის აღმოსავლეთ ფერდობები, სადაც ნალექების თვის ჯამები ნორმალურ მნიშვნელობებს 1.5-2-ჯერ აღემატებოდა. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა (180-220 მმ) შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (20-40 მმ) ქვეყნის ცენტრალურ დაბლობ და ვაკე ტერიტორიაზე აღინიშნა.

სხვა სიახლეები