სიახლეები

31 აგვისტო 2018

აბასთუმანში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აბასთუმანში აგვისტოს თვეში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით განახორციელა. ავტომატური სადგური 24 საათის განმავლობაში განთავსებული იყო სპეციალისტების მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე. მობილური სადგურის საშუალებით ჰაერში უწყვეტ რეჟიმში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველობა გაიზომა, მათ შორის, მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5), გოგირდისა და აზოტის დიოქსიდების, აზოტის ოქსიდის და სხვა.

გაზომვების შედეგად აბასთუმანში ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა და როგორც საქართველოს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებზე გადაჭარბება არ აღინიშნა.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს მობილური ავტომატური სადგურით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით. მსგავსი დაკვირვებები მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება აბასთუმანშიც. ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაცია განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს კვლევების შედეგად მიღებულ მონაცემებს.

სხვა სიახლეები