სიახლეები

11 სექტემბერი 2018

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.  თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა მყარი ნაწილაკებისა (PM10) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა. კერძოდ, 7 სექტემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება აღინიშნა დედაქალაქში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. 8 და 9 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე PM10-ის მომატებული კონცენტრაციები არ დაფიქსირებულა, ხოლო რაც შეეხება 10 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან  გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელების გამო თბილისის ოთხივე ავტომატურ სადგურზე კვლავ დაფიქსირდა PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება და მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წერეთლის გამზირზე აღინიშნა, რაც ნორმას 1,6-ჯერ აღემატებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 11 სექტემბრის 15 საათის მდგომარეობით მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციებმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  მნიშვნელოვნად დაიკლო და ამჟამად ნორმის ფარგლებშია.

ამ დღეების განმავლობაში, ასევე, ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება   ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მონაცემებს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

სხვა სიახლეები