სიახლეები

13 სექტემბერი 2018

სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. 10 სექტემბრიდან 13 სექტემბრის 9 საათის მდგომარეობით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა მყარი ნაწილაკებისა (PM10) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა.

კერძოდ, 10 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელების გამო მხოლოდ დედაქალაქში ოთხივე ავტომატურ სადგურზე დაფიქსირდა PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება და მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წერეთლის გამზირზე აღინიშნა, რაც ნორმას 1,6-ჯერ აღემატებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის 9 საათის მდგომარეობით მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციებმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად დაიკლო და ამჟამად ნორმის ფარგლებშია.

ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მონაცემებს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

სხვა სიახლეები