სიახლეები

18 სექტემბერი 2018

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონაცემები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გასული კვირის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი გრძელდებოდა ავტომატური სადგურების საშუალებით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ატმოსფერულ ჰაერში ისაზღვრებოდა რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები, რომელთა შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა მყარი ნაწილაკების (PM10) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა.

კერძოდ, 11 და 12 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 13 სექტემბერს მხოლოდ თბილისში ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში აღინიშნა კონცენტრაციების მცირედი მატება. 14 სექტემბერს დედაქალაქში განთავსებულ სამ ავტომატურ სადგურზე: ყაზბეგის გამზირზე, წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში, ასევე ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე აღინიშნა PM10-ის კონცენტრაციების 1,1-1.2-ჯერ ნორმაზე გადაჭარბება, რაც გამოწვეული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან  გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით. 15 სექტემბერს სინოპტიკური სიტუაციის გაუმჯობესების შედეგად PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე  1,1-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში, ხოლო 16 სექტემბერს  საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა ისევ ნორმის ფარგლებში იყო. 17 სექტემბერს  მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციები მხოლოდ ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ აღემატებოდა ნორმას. 18 სექტემბრის 13:00 საათის  მდგომარეობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება   ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მონაცემებს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

სხვა სიახლეები