სიახლეები

23 ოქტომბერი 2018

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები გრძელდება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა მოქალაქეების მომართვის საფუძველზე, ასევე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე განახორციელა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა.

გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. კერძოდ, 16 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე აღინიშნა კონცენტრაციის გადაჭარბება 1.2-ჯერ. 17 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება ყაზბეგის გამზირზე დაფიქსირდა 1.2-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში უმნიშვნელოდ. ამავე დღეს ნორმაზე 1.1-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე. 18 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.2-ჯერ. 19 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე და ვარკეთილში 1.1-ჯერ, ხოლო წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ. 20 და 21 ოქტომბერს თბილისის ოთხივე სადგურზე დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება. კერძოდ, 20 ოქტომბერს წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში 1.2-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.5-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში 1.1-ჯერ. 21 ოქტომბერს კი თბილისის ოთხივე სადგურზე მყარი ნაწილაკების კონცენტრაციები 1.2-ჯერ, ხოლო ქუთაისში 1.1-ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობას. 19, 20 და 21 ოქტომბერს PM10-ის კონცენტრაციების მატება გამოწვეული იყო საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით. 22 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში მხოლოდ წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ. მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ფანასკერტელის ქუჩაზე 162-ე საჯარო სკოლის, ასათიანის ქუჩაზე 43-ე საჯარო სკოლის, ფალიაშვილის ქუჩაზე 54-ე საჯარო სკოლის და პეტრიაშვილის ქუჩაზე მე-6 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

სხვა სიახლეები