სიახლეები

30 ოქტომბერი 2018

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაიზომა რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

23 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

24 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება ყაზბეგის გამზირზე  დაფიქსირდა 1.6-ჯერ და წერეთლის გამზირზე - 1.2-ჯერ.

25  ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისის ყველა სადგურზე. კერძოდ, წერეთლის გამზირზე 1.6-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და  ვარკეთილში 1.2-ჯერ,  ხოლო ვაშლიჯვარში 1.1-ჯერ.

26, 27 და 28  ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

29 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში მხოლოდ წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.3-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ.  ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.4-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-4 საბავშვო ბაღის, წერეთლის გამზირზე 24-ე საბავშვო ბაღის, კრწანისის ქუჩაზე მე-20 საბავშვო ბაღისა და მუხიანში 153-ე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიებზე.  ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

სხვა სიახლეები