სიახლეები

01 დეკემბერი 2018

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე აგრძელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

20 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.4-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.1-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში უმნიშვნელოდ. 21, 22, 23 და 24 ნოემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 25 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.2-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.1-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე - 1.3-ჯერ. 26 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კერძოდ ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე - 2.3-ჯერ, ვარკეთილში - 2-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.7-ჯერ, ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე - 1.3-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ქ.ქუთაისში - 1.1-ჯერ, რაც გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ქ.ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: უზნაძის ქუჩა N59 – N23 საჯარო სკოლასთან, უნივერსიტეტის ქუჩაზე - მაღლივ კორპუსთან, ყაზბეგის გამზირი N39 – N60 საჯარო სკოლასთან, ქავთარაძის ქუჩა N48 – N35 საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

სხვა სიახლეები