სიახლეები

19 დეკემბერი 2018

შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების აკუსტიკურ კვლევას სამეცნიერო კვლევითი გემი განახორციელებს

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების აკუსტიკურ კვლევასა და თევზის რესურსების შეფასებას, პირველად საქართველოს ისტორიაში, სამეცნიერო კვლევითი გემი განახორციელებს.

გემზე მომუშავე უცხოელ მეცნიერებს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. სამეცნიერო კვლევების ფარგლებში შესწავლილი იქნება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების პოტენციალი, რაც ხელს შეუწყობს შავ ზღვაში თევზების კვოტირების განსაზღვრას, სწორ სარეწაო პროგნოზირებას და მეთევზეობის განვითარებას.

აკუსტიკური კვლევით თევზების რაოდენობის განსაზღვრა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სპეციალიზებული, სამეცნიერო-კვლევითი გემის და თანამედროვე აღჭურვილობის საშუალებით განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ 1995 წლიდან 2001 წლამდე საქართველოში აკუსტიკურ კვლევას უკრაინული სამეცნიერო გემი ახორციელებდა. ჩატარებული კვლევებით სრულყოფილი არ იყო, რაც მნიშვნელოვნად აისახებოდა რესურსების შეფასების კორექტულობაზე და შესაბამისად დარგის მართვის ეფექტურობაზე.

სამეცნიერო კვლევით გემზე უცხოელ მეცნიერებთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტები კვლევებს ერთობლივად განახორციელებენ. კვლევა საქართველოში ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის  პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

სხვა სიახლეები