სიახლეები

22 მარტი 2019

22 მარტი - წყლის რესურსების საერთაშორისო დღე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას.

მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სტუდენტებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებთან ერთად თბილისის ზღვაზე წყლის სინჯები აიღეს.

სპეციალისტებმა აღებულ სინჯებში წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განსაზღვრეს, ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში ჩატარდება. მიღებული შედეგები ათ დღეში გახდება ცნობილი.

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და წყლის ხარისხს მდინარეების და ტბების 150-მდე წერტილში იკვლევს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რაც ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ითვალისწინებს. ასევე, მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება საქართველოში წყლის რესურსების სააუზო მართვის დანერგვის მიზნით.

სხვა სიახლეები