სიახლეები

07 მაისი 2019

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას გრძელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. 2 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.რუსთავში 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისსა და ქ.ბათუმში 1.5-ჯერ. 3, 4 და 5 მაისს ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 6 მაისს გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ და ქ.ბათუმში 1.1-ჯერ. ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ქ. ქუთაისში უმნიშვნელოდ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი N6, N64 საჯარო სკოლასთან; დოლიძის ქ.N3, N61 საჯარო სკოლასთან; ბოჭორიშვილის ქ.N16, საბავშვო ბაგა-ბაღთან ,,ცეროდენა“; ფანასკერტელის ქ. N9, N112 ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.

სხვა სიახლეები