სიახლეები

15 მაისი 2019

აღმოსავლეთ საქართველოში მოსული ნალექების რაოდენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისის თვე ხასიათდება ხშირი, ელჭექის ხასიათის ნალექებით, ზოგან სეტყვით, რაც დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის. კლიმატურ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის განმავლობაში ნალექების და სეტყვის მაქსიმუმი მოდის სწორედ მაისის თვეზე. სადამკვირვებლო ქსელიდან შემოსული მონაცემების საფუძველზე, გასული დღეების განმავლობაში კახეთის რეგიონში, კერძოდ ქ. ლაგოდეხში 4-5 მაისს 24 საათში მოსულმა ნალექების რაოდენობამ შეადგინა 125 მმ. მსგავსი სიძლიერის წვიმა  აღინიშნა 2006 წელს, როდესაც 24 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ 14 მაისს შეადგინა 128 მმ და 2011წ.-100 მმ.

ქ. თელავში  წელს პირველად დღე-ღამეში მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 93 მმ. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ასეთი სიძლიერის წვიმა  ქ. თელავში მაისის თვეში არ დაფიქსირებულა. ქალაქ თელავში 1981წ. 15 მაისს დაფიქსირდა 62 მმ, ხოლო 2005წ.-58 მმ. აღმოსავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექები განპირობებულია კავკასიის ჩრდილოეთიდან გრილი და ნოტიო ჰაერის მასების  გავრცელებით.

სტატისტიკური მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველოში მაისის თვეში სეტყვის შემთხვევები ხშირია. ბოლო 5 წლის მონაცემებით, ძლიერი  სეტყვა აღინიშნა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კახეთში. 2014 წელი: წინანდალი, ქვემო ხოდაშენი, ბეშეთი, თელავი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი. 2015 წელი: თელავი, საგარეჯო, კურდღელაური, შიბლიანი, ყანდაურა, კაკაბეთი, კისისხევი. 2016 წელს მაისის თვეში დაისეტყვა კახეთის 16 სოფელი, 2017 წელს-38 სოფელი, 2018 წელს კი 5 სოფელი. სპეციალისტების განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველო დასავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, მაისის და ზაფხულის თვეებში ხასიათდება სეტყვის ხშირი შემთხვევებით, რაც ძირითადად განპირობებულია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებით.

რაც შეეხება თბილისს, 2019წ. 12 მაისს 20 წუთში მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 22 მმ, რაც  ქ. თბილისისთვის არ წარმოადგენს რაიმე ანომალიას. სტატისტიკური მონაცემებით, 2012წ. 19 მაისს თბილისში 12 საათში მოვიდა 94 მმ.

15 მაისიდან  ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.   

 

სხვა სიახლეები