სიახლეები

07 აგვისტო 2019

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
 
თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. 30 ივლისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში - 1.4-ჯერ, ქუთაისში - 1.1-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 31 ივლისს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, რუსთავში-1.5-ჯერ, ხოლო ,,ილიას ბაღში“ უმნიშვნელოდ. 4 აგვისტოს რუსთავში- 1.2-ჯერ, ხოლო 5 აგვისტოს ისევ რუსთავში-1.4-ჯერ. 1, 2 და 3 აგვისტოს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ.
 
ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიდი დიღომი, ნუცუბიძის II შესახვევი, ბაგა-ბაღთან ,,ლიდერ ლენდი“; თოფურიძის ქუჩა, №128-ე საჯარო სკოლასთან; თოფურიძის ქუჩა, N10 ბაგა-ბაღთან; ნუცუბიძის ქუჩა N195, ბაგა-ბაღთან ,, Kindergarden”. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
 
ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.

სხვა სიახლეები