სიახლეები

09 ოქტომბერი 2019

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

25 სექტემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.რუსთავში - 1.9-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.1-ჯერ, 26 სექტემბერს ისევ ქ.რუსთავში -1.9-ჯერ და ,,ილიას ბაღში“ – 1.4-ჯერ, ხოლო 28 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.რუსთავში 1.2-ჯერ. 27, 29 და 30 სექტემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.4-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ალექსიძის ქ. №3, №211 საბავშვო ბაგა-ბაღთან; ყაზბეგის ქ. №35, №158 საბავშვო ბაგა-ბაღსთან; ელიავას ქ. №14, №14 საბავშვო ბაგა-ბაღთან: ცაგარელის ქ. №5, №87 საბავშვო ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.

 

სხვა სიახლეები