სიახლეები

11 დეკემბერი 2019

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
5 დეკემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 4 და 6 დეკემბერს გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.რუსთავში - 1.3-ჯერ და 1.1-ჯერ, 7 დეკემბერს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.4-ჯერ, ვარკეთილში - 1.2-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ და ვაშლიჯვარში - უმნიშვნელოდ, ქ.რუსთავში - 1.9-ჯერ, თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.1-ჯერ, თბილისში ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში -1.2-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ - 1.6-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.2-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.3-ჯერ,9 ნოემბერს თბილისში ,,ილიას ბაღში“ - 1.2-ჯერ, ქ.რუსთავში - 1.3-ჯერ, ქ.ქუთაისში - 1.1-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.6-ჯერ, წერეთლის გამზირზე - უმნიშვნელოდ, 10 დეკემბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.რუსთავსა და ქ.ბათუმში - 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში -1.2-ჯერ. 7, 8 და 9 დეკემბრის განმავლობაში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით იყო განპირობებული.
ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე - 1.3-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ბაგრატიონის ქ. №58, №100 საჯარო სკოლასთან; ბაგრატიონის ქ. №6, ნიკო ბაგრატიონის სახ. თავადაზნაურთა სკოლა-ლიცეუმთან; გურამიშვილის გამზ. №4, №56 საბავშვო ბაგა-ბაღთან; დავით აღმაშენებლის გამზ. №44, საბავშვო ბაღი „ბალუ“-სთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge

სხვა სიახლეები