სიახლეები

25 ივლისი 2015

ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უროსთან თამარ ბაგრატიასთან ერთად ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს რიჩარდ ბრაბეკსა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჩეხეთში ზაალ გოგსაძეს შეხვდა. მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე პროექტები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთ გაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას - „მეწყერის ფორმირების ალბათობის შეფასება საქართველოს მთიან რეგიონებში დუშეთის მუნიციპალიტეტში საფრთხის ქვეშ არსებული დასახლებების, საერთაშორისო გზების და ენერგოსადენების მაგალითზე” მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხალ კაპლანმა, ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურის დირექტორმა ზდენეკ ვენერამ და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ მოაწერეს ხელი.

პროექტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაცია ფერდობის არასტაბილურობის კუთხით შეფასდება, საკვლევი ტერიტორიისთვის მეწყერის ფორმირების სავარაუდო ადგილების რუკების შედგენის გზით. საპილოტე ტერიტორია შეირჩევა პირველადი კვლევის საფუძველზე, ხოლო შემდეგ იქნება დეტალურად გადატანილი რუკაზე. იმავე ტერიტორიაზე დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც იქნება დაკავშირებული ადრეული გაფრთხილების სისტემასთან. საპილოტე ტერიტორიის ზომა დამოკიდებული იქნება სახიფათო მოვლენებზე ან იქნება შერჩეული რამდენიმე ტერიტორია, რომელიც საერთაშორისო გზისთვის, მილსადენებისა და მოსახლეობისთვის საფრთხის წარმოქმნის მაღალ რისკს წარმოადგენენ.

პროექტის განხორციელებისთვის ჩეხეთის განვითარების სააგენტო - 11 363 605 ჩეხურ კრონას, ხოლო გარემოს ეროვნული სააგენტო - 50 000 ლარს გამოყოფს. სამუშაოებს ჩეხეთის გეოლოგიური სამსახური განახორციელებს.

სხვა სიახლეები