სიახლეები

16 მარტი 2020

პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ პირველი ეტაპის შედეგები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების კუთხით. სააგენტოში მიმდინარე პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით მომზადდა სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც დაეხმარება სააგენტოს მონიტორინგის ფუნქციების უკეთ განხორციელებაში.

პროექტის ფარგლებში მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის ფარბიციო დი მონტეს დახმარებით შემუშავდა „საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის ტექნიკური მომსახურებისა და ხარისხის უზრუნველყოფის/ხარისხის კონტროლის (QA/QC) საერთო სახელმძღვანელო”. აღნიშნული დოკუმენტი საშუალებას აძლევს სააგენტოს სპეციალისტებს უფრო ეფექტიანად განახორციელონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის ტექნიკური მომსახურება. 

გარდა აღნიშნულისა, საერთაშორისო ექსპერტმა მიკელე მაცეტიმ შეიმუშავა და სააგენტოს წარუდგინა სახელმძღვანელო დოკუმენტები „გაზ-ქრომატოგრაფ/მას-სპექტრომეტრით ატმოსფერულ ჰაერში ბენზ(ა)პირენის ანალიზის სახელმძღვანელო“ და „ატმოსფერულ ჰაერში ბენზ(ა)პირენის ანალიზის მეთოდოლოგია“. ამიერიდან ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას უკვე გააჩნია ატმოსფერულ ჰაერში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებლის - ბენზ(ა)პირენის კონცენტრაციის გაზომვის მეთოდოლოგია. 

პროექტი „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ ხორციელდება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, რომლის მიზანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და განსაკუთრებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს დახმარება ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების ძალისხმევაში.

სხვა სიახლეები