სიახლეები

26 ივლისი 2015

ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ოფიციალურ შეხვედრებს პრაღაში განაგრძობს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას - „ტრასეკას კორიდორის მეტეოროლოგიური უსაფრთხოების გაზრდა“ - მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხალ კაპლანმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ მოაწერეს ხელი. პროექტის განხორციელებისთვის ჩეხეთის განვითარების სააგენტო 110 000 ევროს გამოყოფს.

პროექტი ითვალისწინებს საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების ნეგატიური ზეგავლენის შერბილებას ტრანსპორტის გამავლიანობაზე ტრასეკას დერეფნის საგზაო მონაკვეთზე, რიკოთის უღელტეხილის მახლობლად. მისი მიზანია ამ დერეფნით მოსარგებლე მძღოლების ინფორმირება არსებული მდგომარეობის შესახებ საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების არსებობის კუთხით. საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების გააქტიურების დაწყებისა და დასრულების ადრეული აღმოჩენა, რომლებმაც შეიძლება საბოლოო ჯამში ზიანი მიაყენონ მოსახლეობას, სახელმწიფო და კერძო ქონებას, ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც კატასტროფების პრევენციისა და მზადების, ისე კატასტროფების მართვისა და შერბილების კუთხით, ასევე ზამთარში გზის მოვლის გაუმჯობესების თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში საგზაო მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟება. პერსონალს კი ტრენინგი ჩაუტარდებათ სადგურის მომსახურეობასა და ოპერირებაში. სამუშაოებს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ჩეხი კონტრაქტორები განახორციელებენ. საპილოტე პროექტის განხორციელება 2015 წლის ზაფხულში დაიწყება და მიზნად ისახავს მეტეოროლოგიური მონიტორინგის სისტემის ახალი კომპონენტის შექმნას საქართველოში.

სხვა სიახლეები