სიახლეები

08 ივნისი 2020

2020 წლის ზაფხულის სეზონის მოსალოდნელი ამინდი

კლიმატური მონაცემები

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +23; მთაში +21; მაღალ მთაში +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22; მთაში +19, მაღალ მთაში +15 გრადუსს შეადგენს. ზაფხულის სეზონის ნალექების ნორმა კი დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-600 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-300 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 120-180 მმ, მთასა და მაღალ მთაში 120-200 მმ-ის ფარგლებშია.

სეზონის ამინდის პროგნოზი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-23) მომზადებული, 2020 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

ექსპერტების დასკვნით, 2020 წლის ზაფხულის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აღმოსალეთ ევროპის და კავკასიის რეგიონებზე მომავალი ზაფხულის ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.

ზაფხულის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს დაბლობსა და ბარში +24; +25; მთიან რაიონებში +20, +22, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +17, +18 გრადუსია მოსალოდნელი, რაც ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია.

ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ საქართველოში საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სპეციალისტები სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40, მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი.

სხვა სიახლეები