სიახლეები

27 ივლისი 2015

თამარ ბაგრატია საკრებულოს გაერთიანებულ სხდომაზე წარსდგა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე 13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებული ანგარიშით წარსდგა.

თამარ ბაგრატიამ საკრებულოს დეპუტატებს სტიქიის გამომწვევი მიზეზების გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური დასკვნა გააცნო. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერესხეობის მარჯვენა ფერდობზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრას, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას თან დაერთო კლდეზვავების, მეწყერების, ღვარცოფების, მდინერეებში სიღრმითი და გვერდითი ეროზიების, წყალმოვარდნების, წყალდიდობების, დატბორვების და სეტყვის მასშტაბური განვითარება, რასაც მოჰყვა თანმდევი უარყოფოთი შედეგები და ადამიანთა მსხვერპლი.

თამარ ბაგრატიას ინფორმაციით მდ.ვერე სხვადასხვა დროს არაერთხელ ადიდდა, რადგან იგი საკმაოდ რთული მდინარეა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ასევე, განაცხადა, რომ ვერეს ხეობაში 75 მეწყრული უბანი ფიქსირდება. ანგარიშის წარდგენისას თამარ ბაგრატიამ ადრეული შეტყობინების სისტემის აუცილებლობაზეც ისაუბრა. სააგენტოს უფროსმა კომისიის წევრებს  დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული წყლების და ნიადაგის დაბინძურების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა და   გარემოს დაბინძურების მონიტორინგის განხორციელებაზე ისაუბრა.

სხვა სიახლეები