სიახლეები

25 ივნისი 2020

საქართველოს პარლამენტმა „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში აკვაკულტურის განვითარებას და აღნიშნულ დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საზღვაო წყლებში განხორციელდება აკვაკულტურის ზონების გამოყოფა და შესაბამისი ტერიტორიის სარგებლობის მიზნით, აკვაკულტურის ნებართვების გაცემა. კანონპროექტით ასევე მოწესრიგდება აკვაკულტურის ობიექტების საქმიანობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.


ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს საზოგადოების, ნებართვის მფლობელების და ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეთა ინტერესების დაცვას. ახალი კანონპროექტი უზრუნველყოფს საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და საქართველოს შიდა წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, ტბორები, მდინარეები, ნაკადულები, არხები, წყალჭაობიანი ადგილები და სხვა წყლის პროდუქტების მოშენებისთვის ვარგისი წყალსატევები) აკვაკულტურის მიზნებისათვის სარგებლობის რეგულირებას და მათ რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, რაც გულისხმობს აღნიშნულ ობიექტებში წყლის ორგანიზმების (თევზი, წყლის მცენარეები და სხვა) მოშენებას (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება), როგორც აკვაკულტურის კონსტრუქციების გამოყენებით, ასევე მათ გარეშე.

კანონპროექტი შემუშავებულია საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით და ითვალისწინებს შიგა წყალსატევებზე (ტბები, წყალსაცავები) ეკოლოგიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემას კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პირთა გაერთიანებებზე, ამ მიზნით შექმნილ სასოფლო-სამეურნეო (თევზის მეურნეობის) კოოპერატივებზე.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია. ასევე, კანონპროექტის  მომზადებაში სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცის (FAO) მხადაჭერით  აქტიურად იყვნენ ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტები.  კანონპროექტი ძალაში 2021 წლის 1 მარტიდან შევა.

სხვა სიახლეები