შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

განახლებული განცხადება ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული გეოლოგიური პროცესების შესახებ

გეოლოგია

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა.

მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა.

ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.

ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიეწოდებათ გეოლოგიური დასკვნები.

პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.

მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო.

სხვადსხვა წლებში სოფ. კურსების ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე.