ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სახელმძღვანელოები შემუშავდა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა სახელმძღვანელო დოკუმენტები და ანგარიშები შეიმუშავეს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემების ვალიდაციის მიზნით, სააგენტოში გაძლიერდა შესაძლებლობები პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში, რაც საშუალებას მისცემს სააგენტოს სპეციალისტებს მოახდინონ მონიტორინგის მონაცემთა ვალიდაცია ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ამასთან ერთად, უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავდა აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მომხმარებლის და ექსპლუატაციის სახელმძღვანელოები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სააგენტოში ასევე გაძლიერდა შესაძლებლობები ჰაერის ხარისხის მოდელირების დანერგვის მიმართულებით. სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლეს მოდელში შესაბამისი მონაცემების მომზადების, შეყვანის და შედეგების დამუშავების მეთოდები. უცხოელი ექსპერტის მიერ შემუშავდა შესაბამისი ტექნიკური სახელძღვანელო.
პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი საერთაშორისო ექსპერტის მიერ შემუშავდა მონაცემთა ვერიფიკაციისა და ანგარიშგების სახელმძღვანელო, რაც დაეხმარება სააგენტოს მომავალში მოახდინოს ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემების ურთიერთგაცვლა და ანგარიშგება ევროპის შესაბამის ორგანოებთან ევროკავშირის მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად.
პროექტი „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.