შვედეთის მთავრობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს რვა ახალ სადგურს გადასცემს
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს.
ღონისძიება პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში გაიმართა.
უცხოელმა ექსპერტებმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჰაერის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომავალი წლიდან შვედეთის მთავრობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადასცემს რვა ახალ სადგურს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჰაერის ხარისხზე დაკვირვების მონიტირინგის სისტემა და დავსახოთ სწორი ღონისძიებები ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იმ ქალაქებში, სადაც ეს საკითხი გამოწვევად რჩება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო წრეების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.
პროექტი „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.