გარემოს და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოების ორგანიზებით, შავი ზღვის ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა
შავი ზღვის მონიტორინგი
გაეროსა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერებისათვის“ ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია ჩატარდა, სადაც ბათუმისა და ფოთის საშუალო სკოლის მოსწავლეებმა შავი ზღვის ეკოსისტემაზე საკონკურსო პრეზენტაციები წარმოადგინეს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სოფელ სხვიტორში, მოსწავლეთა ჩართულობით, მდინარე ჩიხურას ერთ-ერთი შენაკადი, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მდინარის კალმახის საშენში გაზრდილი, ველური კალმახისგან მიღებული, თვალების სტადიაზე არსებული ქვირითით დათევზიანდა და ბოქსებით 10 000 ცალი ნაკადულის კალმახის ქვირითი ჩაეწყო. მდინარის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცესს.
ამავე ღონისძიების ფარგლებში, გარემოს და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოების სპეციალისტებმა, შავი ზღვის ეკოლოგიურ საკითხებზე და კალმახის (ორაგული), როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობის შესახებ, მოსწავლეებისთვის ლექციები ჩაატარეს.