ქვეყნის მასშტაბით, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ხარისხზე დაკვირვების ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება
გეოლოგია
„ჩვენ დავიწყეთ წყლის ხარისხზე და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. ყოველწლიურად ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, მაგრამ არსებული მონიტორინგი არ არის საკმარისი საქართველოს წყლის ობიექტების მდგომარეობის სრულყოფილად შესაფასებლად. მეტი კონკრეტიკისთვის, 10 წლის წინ 43 წერტილში ხდებოდა ზედაპირულ წყლებზე მონიტორინგი, დღეს უკვე - 231 ასეთ ადგილას მიმდინარეობს დაკვირვება, საერთოდ არ არსებობდა მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სისტემა; დღეის მდგომარეობით, 66 წერტილში ხდება დაკვირვება“, - განაცხადა „მინისტრის საათის“ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 2,5 მილიონი ლარი გამოიყო წყლის რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღსადგენად, რის შედეგადაც, მოეწყობა წყლის დონეზე დაკვირვების დამატებითი სადგურები. სისტემური ნაბიჯების გადადგმა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში ეფექტიანად დაინერგოს წყლის სააუზო მართვის სისტემა და შექმნას წყლის რაციონალური გამოყენების მექანიზმები.