ქვეყანაში მოქმედი აკვაკულტურის კანონმდებლობით განსაზღვრული აკვაკულტურის რეგულაციების დაცვა და აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე საქმიანობის განხორციელება
ლიცენზიები
2023 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი ,,აკვაკულტურის შესახებ". შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებით, კანონი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
სახელმწიფოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკურად მომგებიანი აკვაკულტურის დარგის მდგრად განვითარებას. დღეისათვის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული აკვაკულტურის რეგულაციების დაცვა, მათ შორის, აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე საქმიანობის განხორციელება, მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებისთვის. დღეის მდგომარეობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ნებართვის მისაღებად 50-მდე განაცხადია წარმოდგენილი. დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც აქვთ აკვაკულტურის მეურნეობა, გარემოს ეროვნული სააგენტო დახმარებას უწევს აკვაკულტურის სანებართვო განაცხადის შევსებაში. აკვაკულტურის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაბამის სამსახურში (ტელ. 2 43 95 26).
აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის სფეროს განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში წყლის ბუნებრივი რესურსების სწორ და ეფექტიან გამოყენებაზე. 2024 წლიდან ძალაში შედის აკვაკულტურის მეურნეობებისთვის შეღავათიანი მოსაკრებლები, რაც ითვალისწინებს წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მინიმალურ განაკვეთებს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში კომერციული მიზნით წყალსარგებლობა არის ფასიანი. საქართველოში, აკვაკულტურის მეურნეობებისთვის წყლით სარგებლობის დადგენილი მოსაკრებლები არ აღემატება ფერმების მოგების 1%-ს. მოსაკრებლის გადახდა გათვალისწინებულია წელიწადში ერთხელ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანამშრომლობის შედეგად, უკვე დასრულდა აკვაკულტურის განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლიც ითვალისწინებს ლაბორატორიული სერვისების გაუმჯობესებას, აკვაკულტურის განვითარების ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას.