3 აპრილი გეოლოგიის დღეა!
გეოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში გეოლოგიის დარგი 18 ათეულ წელს ითვლის და მუდმივად ვითარდება. გეოლოგიური მონიტორინგის კუთხით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
2022 წელს, გეოლოგიური პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 688 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა მოამზადეს, შეფასდა 1018 დასახლებული პუნქტი, 1514 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. განხორციელდა ყოველწლიური გეოლოგიური მონიტორინგი - შეფასებულია 1523 დასახლება; გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოიცა ყოველწლიური საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი „საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისათვის“ და სახელმწიფო გეოლოგიური რუკების კომპლექტი შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით (რაჭა, ზემო იმერეთის მხარეები); ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეებში 2 ავტომატური სადგური მოეწყო.
2022 წელს, პროექტის „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ (GCF, UNDP/SDC) ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს 6 მდინარის აუზისთვის მომზადდა გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკები; აღმოსავლეთ საქართველოში განხორციელდა საველე გეოლოგიური კვლევები, რომლის საფუძველზე მომზადდა გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა და კატალოგი/კადასტრი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი გეოლოგიური სამუშაოები 1841 წლით თარიღდება, ხოლო საველე გეოლოგიური კვლევები და პირველი ნაშრომები 1843 წელს გამოქვეყნდა. სწორედ 1841 წლიდან საქართველოში სათავეს იღებს სისტემური გეოლოგიური კვლევები.