მიმდინარე პროექტის „ცნობიერების ამაღლება და მონაცემთა შეგროვება საქართველოს შერჩეულ სახეობებზე“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს ეროვნულ სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ორგანიზებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ცნობიერების ამაღლება და მონაცემთა შეგროვება საქართველოს შერჩეულ სახეობებზე“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები განიხილეს, რომლის მიზანს მცირე სანაპირო მეთევზეების (SSF) ეკოლოგიური ცნობიერების დონის, სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასება და დარგში არსებული პრობლემების წარმოჩენა წარმოადგენდა.
აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში საზღვაო რესურსების მდგრად მართვას, უზრუნველყოფს ცოცხალი საზღვაო რესურსების კონსერვაციასა და მათ რაციონალურ გამოყენებას.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტისა და მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი მცირე სანაპირო მეთევზეები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალურ კომისიასთან (GFCM) მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში, შავი ზღვის მოწყვლადი და პრიორიტეტული სახეობების დელფინების, ზუთხების, ქიცვიანი ზვიგენის სახლართ ბადეებში თანჭერილში მოხვედრის შემცირების მიზნით, ცნობიერების დონის ამაღლების კამპანიას მეორე წელია აქტიურად ახორციელებს.