საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, მორიგი პროექტი განხორციელდა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
დასრულდა პროექტი „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის" (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
აღნიშნული პროექტის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით ონლაინ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი მონაწილეობდნენ.
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სტანდარტები დანერგა. მონიტორინგი ხორციელდება რვა ავტომატური სადგურის მეშვეობით, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აგროვებენ მონაცემებს ჰაერის დამაბინძურებლების შესახებ. მონაცემები ხელმისაწვდომია ონლაინ პორტალზე www.air.gov.ge
მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის სადგურების გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, შეიქმნა მათი მომსახურების ტექნიკური ინსტრუქციები და გადამზადდა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.
სააგენტომ ასევე შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო და სისტემური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოს პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის „სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ პროგრამის (CAFE დირექტივა) მოთხოვნებთან.
აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: მონაცემთა გადამოწმებისა და ვალიდაციის სისტემა, რომლის გამოყენებითაც მოხდება მაღალი ხარისხის სტატისტიკური მონაცემების შედარება დროის ინტერვალებისა და ლოკაციების მიხედვით; ტექნიკური რეგლამენტი მონიტორინგის კრიტერიუმებისა და სიხშირის შესახებ, რომელიც ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მომზადდა და განვითარების გეგმა (გზამკვლევი), რომელშიც აღწერილია სამომავლო ნაბიჯები ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გასაუმჯობესებლად.