სააგენტოს ბათუმის რეგიონულ ოფისში, ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ბათუმის რეგიონულ ოფისში, ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის მხარდაჭერით, „შავი ზღვის მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფის (SGSABS)“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ შეხვედრას სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და უკრაინის წამყვანი ექსპერტები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა, შავი ზღვის პრიორიტეტული სარეწაო სახეობების (ქაფშია, ხონთქარა, სტავრიდა, კამბალა, კატრანი, მერლანგი, ქარსალა, რაპანა) ბიოლოგიურ მონაცემებზე ზრდა-ასაკობრივ პარამეტრებზე, სიმწიფესა და ქვირითობაზე, ასევე, გამრავლების პერიოდებზე, გავრცელების არეალზე და ბუნებრივი სიკვდილიანობაზე იმსჯელეს.
შეხვედრის ფარგლებში, შავი ზღვის სარეწაო მნიშვნელობის თევზების მარაგების შეფასებისა და მათემატიკური მოდელირებისთვის მონაცემები მომზადდება, რომლის საფუძველზე საქართველოს სანაპირო წყლებში გავრცელებული სარეწაო თევზების მარაგების შეფასება და სარეწაო პროგნოზირება განხორციელდება. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში თევზის რესურსების შენარჩუნებას და მდგრად გამოყენებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, მდგრადი მეთევზეობისა და აკვაკულტურის განვითარების მიზნით, აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალურ კომისიასთან (FAO/GFCM).
აღსანიშნავია, რომ GFCM-ის მხარდაჭერით, ძირითადი სარეწაო თევზების მარაგების კვლევის მეთოდების ჰარმონიზების მიმართულებით, სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტისთვის ტექნიკური აღჭურვა და ჰიდროაკუსტიკური კვლევების სტანდარტიზაციის მიზნით, სპეციალისტების გადამზადება იგეგმება.