შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტო აკვაკულტურის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე მუშაობს

ლიცენზიები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აკვაკულტურის შესახებ კანონქვემდებარე აქტების შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„აკვაკულტურის კანონის მიღების შემდეგ, დაწყებულია კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობა. მუშაობის პროცესში ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა ის უწყება, რომელთა კომპეტენციას განეკუთვნება სფეროს რეგულაცია. აკვაკულტურის მიმართულება მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია.  ახალი კანონდებლობა კი, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს”, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს აკვაკულტურის სფეროში კანონქვემდებარე აქტების შემუშავების გეგმა. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები დარგში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, იმსჯელეს აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების დადგენის საერთაშორისო სტანდარტებზე, მის მართვასა და მოსალოდნელ შედეგებზე. ასევე, შიდაწყალსატევებში და სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსებულ აკვაკულტურის ობიექტებში საქმიანობის საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად წარმართვის რეგულაციების შემუშავებაზე. შეხვედრაზე შემუშავდა რეკომენდაციები და მათი შესრულების ვადები.

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის „EMBLAS-Plus“ (შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება - შერჩეული ღონისძიებები“ ) მხარდაჭერით განხორციელდა.