შავი ზღვის სანაპირო წყლების მონიტორინგი გრძელდება
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლების მონიტორინგის მესამე ეტაპი დაიწყო.
ქართველი სპეციალისტები წყლის ხარისხის ქიმიურ და ბიოლოგიურ კვლევებს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით განახორციელებენ. მიღებული შედეგების საფუძველზე მოხდება საკვლევი უბნების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება. აღნიშნული კვლევა ხელს შეუწყობს შავი ზღვის სანაპირო ზონის მართვის გეგმის განახლებას აჭარის რეგიონში.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიებს წყლის ხარისხისა და ჰიდრობიოლოგიური კვლევებისთვის საჭირო უახლესი ხელსაწყო-დანადგარები გადაეცათ, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს წყლის ხარისხის კვლევის კომპონენტები და თანამედროვე მეთოდებით განხორციელდეს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები.