შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

პრემიერ-მინისტრი თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარის მუშაობას გაეცნო

ჰიდრომეტეოროლოგია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი დამონტაჟდა.

მეტეოროლოგიური რადარის შესაძლებლობებზე ინფორმაცია მთავრობის მეთაურს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა. რადარი საშუალებას იძლევა, ქუთაისიდან დაახლოებით 250 კმ-ის რადიუსში, ოპერატიულ რეჟიმში გადმოსცეს მონაცემები ღრუბელთა ტიპების, მათი ინტენსივობის, გადაადგილების მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური მახასიათებლების შესახებ.

გარდა ამისა, მეტეოროლოგიური რადარის მეშვეობით შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო წყალმოვარდნების და ღვარცოფების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს.

რადარის მწარმოებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია „VAISALA“.