,,აკვაკულტურის შესახებ" საქართველოს კანონის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ანგარიშის წარდგენა კომიტეტში
შავი ზღვის მონიტორინგი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ,,აკვაკულტურის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების საკითხებსა და კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს „აკვაკულტურის შესახებ“ კანონის მნიშვნელობაზე, ასევე, მის სარგებელზე, როგორც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
ანგარიშში წარმოდგენილი იქნა შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესახებ სრული ინფორმაცია, რაც მოიცავს საქართველოში აკვაკულტურის, მათ შორის მარიკულტურის წარმართვის მიზნით საზღვაო ზონის დადგენას, ასევე, მისი მართვის და ეკოლოგიური მონიტორინგის პროცედურებს.
აკვაკულტურის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში წყლის ბუნებრივი რესურსების სწორ და ეფექტიან გამოყენებაზე. საქართველო გამოირჩევა ხელსაყრელი პირობებით აკვაკულტურის, მათ შორის, მარიკულტურის განვითარებისათვის.
აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ქვეყანაში აკვაკულტურის პროდუქტების წარმოების გაზრდას, რაც მნიშვნელოვანი რესურსია დასაქმების, შემოსავლების და ეკონომიკური ზრდის, ასევე, ამ სექტორში ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველსაყოფად.
მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ,,აკვაკულტურის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებაზე საკომიტეტო ზედამხედველობას.