შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება ცაგერში განვითარებულ სტიქიურ პროცესებთან დაკავშირებით

გეოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს მდ. რიონის ხეობაში დაგეგმილ ქვედა ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან და არც მომავალში იკვეთება რაიმე შესაძლო ზემოქმედება ქვედა ნამახვანი ჰესის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

აღსანიშნავია, რომ მეწყრული პროცესი მდ. რიონის მარჯვენა შენაკადის მდ. ლაჯანურის ხეობის მარცხენა ფერდობზე განვითარდა. მისი გავრცელების არეალი ქვედა ნამახვანი ჰესის საპროექტო წყალსაცავის დაბოლოებიდან, პირდაპირი მანძილით, დაშორებულია დაახლოებით 15 კილომეტრით, ხოლო კაშხლიდან დაახლოებით 24 კილომეტრით. ამასთანავე, ლაილაშის მეწყრული სხეული და მიმდებარე ტერიტორია, ლაბეჭინას ქედით მორფოლოგიურად მკვეთრად არის გამოყოფილი მდ. რიონის ხეობის იმ არეალისგან, სადაც დაგეგმილია ქვედა ნამახვანი ჰესის მშენებლობა. ეს ორი ზონა, როგორც გეოლოგიური, ისე მორფოლოგიური პირობებით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. აქედან გამომდინარე, ქვედა ნამახვანი ჰესის წყალსაცავის და მდ. ლაჯანურის ხეობის ფერდობებზე განვითარებული მეწყრული პროცესების ურთიერთზეგავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 24 მარტს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და ხანგრძლივმა წვიმამ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურება გამოიწვია. ჩამოშლილმა მეწყრულმა მასამ დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ოპერატიულად განახორციელეს პირველადი კვლევები და შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები.