ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ავტომატური სადგურების დაცვის და ვანდალურ ქმედებებში დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით, ფოტოხაფანგები დამონტაჟდა
გეოლოგია
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური სადგურები ფოტოხაფანგებით აღჭურვა.
ფოტოხაფანგების მონტაჟი საქართველოს სხვადასხვა მხარეში არსებული ავტომატური სადგურების დაზიანებისა და ძარცვის გახშირებულმა შემთხვევებმა განაპირობა. ფოტოხაფანგების საშუალებით, შესაძლებელი იქნება ვანდალურ ქმედებებში დამნაშავე პირთა გამოვლენა, სადგურების დაზიანებებისგან, რიგ შემთხვევებში, განადგურებისგან დაცვა და მათი უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური სადგურები, ძირითადად, განთავსებულია დაუსახლებელ ადგილებზე და მდინარეების მიმდებარედ. შესაბამისად, რთულდებოდა მათი სრულყოფილი დაცვა. სადგურების დაზიანებით გამოწვეული ფინანსური ზარალი ათეულობით ათას ლარს აღემატება. თითოეულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, აღძრულია სისხლის სამართლის არაერთი საქმე.
აღნიშნული სადგურების ფუნქციონირება ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას. ავტომატური მოწყობილობების საშუალებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება მონაცემები სხვადასხვა მდინარის წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ. სადგურებიდან მიღებული ინფორმაციით, ასევე, ხდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ძირითადი მახასიათებლების დადგენა, რომლის საბოლოო მიზანს გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
გარემოს ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, შეწყვიტოს ვანდალიზმი, რომლის შედეგადაც ნადგურდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქლაქისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულების სახელმწიფო ქონება.