შავ ზღვაში წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის პორტატული მოტივტივე სადგური განთავსდა
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ევროკავშირის მხარდაჭერით, წყლის პორტატული CTD მოტივტივე სადგური შეიძინა.
სადგური დამოუკიდებელი სისტემაა, რომელიც პირველად განთავსდა საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში და განკუთვნილია წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის. მოწყობილობა, GPRS კომუნიკაციის მეშვეობით, ზღვის პარამეტრებს ონლაინ რეჟიმში გაზომავს, ხოლო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტებისთვის.
პირველ ეტაპზე, სადგურის საშუალებით განისაზღვრება სამი ძირითადი კომპონენტი: წყლის ელ. გამტარობა, ტემპერატურა და სიღრმე, რაც შესაძლებლობას იძლევა, პირველად საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში განხორციელდეს წყლის უწყვეტი მონიტორინგი. აღნიშნული კვლევები, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თევზის მარაგების შეფასებას და მოდელირებას.
„ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტს, „ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა გარემოს მონიტორინგსა და მოდელირებაში თევზის მარაგებისა და არათევზეული რესურსების შესაფასებლად“ (TIMMOD), რომლის მიზანი შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება და თევზის რესურსის მარაგების შეფასების სისტემის დახვეწაა. პროექტის ფარგლებში, სააგენტომ შეიძინა ულტრათანამედროვე სადგური, რომელიც განთავსდა შავ ზღვაში და მუდმივ რეჟიმში გააზიარებს ინფორმაციას წყლის ხარისხის და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ, ამავე პროექტის ფარგლებში, ქართველ სპეციალისტებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა საერთაშორისო პრაქტიკულ სწავლებასა თუ სემინარში, რაც ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
აღნიშნული საზღვაო კვლევების ორგანიზატორები, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, არიან პროექტის „ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა გარემოს მონიტორინგსა და მოდელირებაში თევზის მარაგებისა და არათევზეული რესურსების შესაფასებლად“ (TIMMOD) პარტნიორები - შავი ზღვის-დუნაის კვლევითი და განვითარების ასოციაცია (BDCA), სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (AUTh) და თევზის რესურსების ინსტიტუტი (IFR).