საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოს ეროვნული სააგენტო

ატმოსფერული ჰაერი

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება დღევანდელი კაცობრიობის ერთ-ერთი უმთავრესი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. ატმოსფერული ჰაერი ანთროპოგენური და ბუნებრივი წყაროებიდან გაფრქვეული მავნე ნივთიერებებით ბინძურდება.

 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია: ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით მსოფლიოს მოსახლეობის 91% ცხოვრობს გარემოში, სადაც ჰაერის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს ჯანმოს მიერ დაწესებულ ნორმებს. საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში, ასევე მსხვილ სამრეწველო ობიექტებსა თუ სამრეწველო ზონებთან ფიქსირდება.

 

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს. 2014-2017 წლები ჰაერის ხარისხის შეფასების მოძველებული სისტემა ეტაპობრივად ჩაანაცვლა თანამედროვე ევროპულმა სისტემებმა.

 

ქვეყანაში 8 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტომატური სადგური ფუნქციონირებს, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა აწარმოოს 24 საათიანი მონიტორინგი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.  ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით ინდიკატორულ გაზომვებს 2015 წლიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობა საქართველოს 25 ქალაქში განისაზღვრება.

 

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურებიდან მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ქვეყნის დიდ ქალაქებში პრობლემური დამბინძურებლებია მყარი ნაწილაკები (PM10, PM2.5­) და აზოტის დიოქსიდი.